საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ მუხლის არსს განმარტავს, რომლის საფუძველზეც შსს-მ სასამართლოს გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ მიმართა.
როგორც საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი გულისხმობს იმ სიტუაციას, როდესაც მოწმე თავს არიდებს პოლიციაში გამოცხადებას და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.
"ამ შემთხვევაში, პოლიციას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოწმის იძულებით მიყვანა. სასამართლო განჩინებით წყვეტს ამ საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამას აღასრულებს პოლიცია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, ამ საკითხს სწორედ 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი არეგულირებს, რადგან ახალი საპროცესო კოდექსი ამ ნაწილში ჯერ ამოქმედებული არ არის.
"კოდექსი ამ დროს არის მიღებული, თუმცა შემდეგ ცვლილებები განიცადა და მიიღეს ახალი საპროცესო კოდექსი. თუმცა, ის ბოლომდე ამოქმედებული არ არის და რამდენიმე ნაწილში მოქმედებს ძველი საპროცესო კოდექსიც. მათ შორის, ამ საკითხის მარეგულირებლადაც გამო იყენება ძველი საპროცესო კოდექსი, რადგან ახალი ამ ნაწილში ჯერ არ ამოქმედებულა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თბილისის მერი გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.