საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კერძო საინვესტიციო ფონდის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, კომპანია Hi-Lite Corporation, რომლის ოფიციალური ვებგვერდია www.hi-lite.com, 1979 წლიდან საქმიანობს.
"კომპანია მუშაობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მსოფლიოს მასშტაბით და მისთვის საქართველო განიხილება კავკასიის რეგიონში საწყის წერტილად საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით. აღნიშნული კომპანია გეგმავს, განახორციელოს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რის გამოც შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსმა" ვებგვერდ Bizapedia-ზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების მოსურნე კომპანია HI-Lite Global Corporation ერთი თვის დაარსებულია.