თინა ხიდაშელი - ნერვებს თუ ვერ თოკავ, სჯობს სახლში დარჩე და დაისვენო

თინა ხიდაშელი - ნერვებს თუ ვერ თოკავ, სჯობს სახლში დარჩე და დაისვენო

სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სამარცხვინო ფაქტად მიიჩნევს.

"ნერვებს თუ ვერ თოკავ, სჯობს, სახლში დარჩე და ცოტა ხნით დაისვენო", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, ტელეკომპანია "მაესტროში", სადაც ინციდენტი მოხდა, გუშინვე მივიდა გამომძიებელი.


"ეს არის განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, როცა წინა ხელისუფლება ადამიანის მკვლელობის საქმეებსაც კი არ იძიებდა. რაც შეეხება ინციდენტს, რაც მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა პარლამენტის წევრად გირჩევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი უნდა მოითმინო, ვიდრე სხვა მოქალაქეები ითმენენ. სირცხვილია, როცა დეპუტატები ასე იქცევიან. ახლა არ დავიწყებ საუბარს იმის შესახებ, პირველად ვინ რა თქვა და რომელმა დაარტყა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც გუშინ დეპუტატების მონაწილეობით მოხდა, სამარცხვინო ფაქტი იყო", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა "მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რატიანმა განაცხადა, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კობა დავითაშვილმა "ზღვარგადასული შეურაცხყოფა არ შეწყვიტა". თუმცა, ამის მიუხედავად რატიანი მაყურებელს მოდიშს უხდის.