გუშინ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში დეპუტატებს სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ოპოზიციის პროვოკაციული ქმედებებით ხსნის, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი, მომხდარს უმრავლესობის წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკავშირებს.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარის შეფასებისას აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობს სიტუაცია, როცა ადამიანი შეიძლება წამოეგოს უმცირესობის პროვოკაციას.
"ყოველ დღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეორდება ეს. ეს მოხდა 8 თებერვალს და მეორდება სხვა დღეებშიც, ყველგან, სადაც კი ამ ადამიანებს გამოსვლის საშუალება ეძლევათ. ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ვერ იკავებენ თავს. ეს დაუშვებელი და მიუღებელია, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომ არანაირ პროვოკაციას არ აჰყვეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით საგანელიძემ.
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ "მაესტროს" ეთერში დაპირისპირება დავითაშვილის თავშეუკავებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შედეგად დაიწყო.
"ის რაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, იყო დავითაშვილის ძალიან პროვოკაციული ქმედებების შედეგი, როცა ის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას აყენებდა სერგო რატიანს. ბუნებრივია, რატიანს უნდა ეცადა, რომ მოეთოკა ნერვები, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი დავითაშვილის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ასევე, ბაქრაძე პარლამენტის წევრებს შეახსენებს, რომ მათ მეტი თმენის ვალდებულება აკისრიათ და უნდა იყვნენ საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი, თუ როგორ შეიძლება შეიკავო თავი, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ.