საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა ყურად იღებენ იმ შეშფოთებას, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გამოხატავენ.
როგორც დავით ბაქრაძემ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", "ევრონესტის" წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ევროპისაკენ აღებული კურსი არ შეიცვალოს.
ამასთან, დავით ბაქრაძე მნიშვნელოვანს უწოდებს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში, ევრონესტის პოლიტიკურ საკითხთა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომას და აცხადებს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება.
"ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მჭიდროდ ითანამშრომლებს ქვეყანა ევროპარლამენტარებთან და გაიზიარებს მათ რეკომენდაციებს. ბოლო პერიოდში ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ისმის შეშფოთება, თუ როგორ მიდის გარ კვეული პროცესები საქართველოში. იმედი მაქვს, ხელისუფლება და უმრავლესობა ყურად იღებს ამ შეშფოთებას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ შეფერხდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძესთან ერთად, უმცირესობიდან ევროპარლამენტარებს დავით დარჩიაშვილი ხვდება. მათთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ სტუმრებს შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. 14.00 საათზე კი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიხსნება.