ხაშურის სალიანდაგო სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს დღეს დილით შპს "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ერთსაათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
რკინიგზის წარმომადგენლებმა გაფიცულებს ხელფასის 50-ლარით გაზრდის პირობა მისცეს, თუმცა სალიანდაგო სამმართველოს რკინიგზელები ამბობენ, რომ შეთავაზება არასაკმარისია, რის გამოც გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
მათივე თქმით, თუ მოთხოვნები სრულფასოვნად არ დაკმაყოფილდება, საქართველოს ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს გადაკეტენ და მოძრაობის პარალიზებას მოახდენენ.
ამასთან, "საქართველოს რკინგზის" წარმომადგენლებს ხაშური ჯერ არ დაუტოვებიათ.
ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა, გაფიცული არიან. ასობით რკინიგზელი ხელფასების სხვა სარკინიგზო სამმართველოების თანამშრომელთა ანაზღაურებასთან გათანაბრებას და იმ შეღავათების აღდგენას მოითხოვენ, რითაც წლების წინ სარგებლობდნენ.
რკინიგზელებმა გუშინ არ გამორიცხეს, რომ მათ მიერ სამუშაო ადგილების მიტოვებას სარკინიგზო მაგისტრალზე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რაზეც პასუხისმგებლობა "შაქართველოს რკინგზის" ხელმძღვანელობას დააკისრეს.