"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობის მიერ "ზღვარგადასული რიტორიკის" გამოყენებაზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობის მიერ "ზღვარგადასული რიტორიკის" გამოყენებაზე საუბრობს და ამას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს .

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "მაესტროში" მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, კობა დავითაშვილის "ზღვარგადასულმა შეურაცხყოფამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა ხელისუფლების რეაქცია "8 თებერვლის დარბევაზე".

"მაშინ, როდესაც ლუკა კურატნიძე ადამიანების გატყავებით იმუქრებოდა, თეა წულუკიანი კი არ ემიჯნება ამ განცხადებას, არამედ მიიჩნევს, რომ ამის თქმა ხმამაღლა არ შეიძლება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი კი ადამიანების ცოცხლად გატყავების მომხრეა, მაშინ, როდესაც უმცირესობას თავების დაჭეჭყვით ემუქრებიან და უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს აიძულებენ, სასახლიდან არ გამოვიდეს, ეს არის უკიდურესად სახიფათო გარემო და ტენდენცია. გატყავებით და ფიზიკური განადგურებით მუქარა ცუდად შემოუბრუნდება ქვეყანას. უმრავლესობის წევრების ასეთი ზღვაგადასული რიტორიკა და ღვარძლის გაღვივება არ არის კარგი არავისთვის ქვეყანაში", - აღნიშნა გაბაშვილმა.


"მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა დეპუტატმა სერგო რატიანმა. დეპუტატის თქმით, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კობა დავითაშვილმა "ზღვარგადასული შეურაცხყოფა არ შეწყვიტა".

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.