ზვიად ძიძიგური - დეპუტატებს მეტი მოთმინება ეკუთვნით

ზვიად ძიძიგური - დეპუტატებს მეტი მოთმინება ეკუთვნით

დეპუტატებს მეტი მოთმინება ეკუთვნით და ასეთი ჩხუბის დემონსტრირება კარგი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხშირად ავიწყდებათ წარსული საქმიანობა და თავი "ფრთიან ანგელოზებად მოაქვთ".

დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პოლიტიკურ მაზოხიზმსა და ცეცხლზე ნავთის დასხმაში ადანაშაულებს.


"მე მესმის კობა დავითაშვილის გაღიზიანების. მინახავს ფაქტობრივად მკვდარი დავითაშვილი აქციების დარბევის შემდეგ, რომელიც, როგორ გადარჩა, არავინ იცის. როცა ზეწოლაზე საუბრობენ, გაიხსენონ, რომ კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი კინაღამ მოკლეს და ბოდიშიც არავის მოუხდია. როცა უნდათ, 8 თებერვალი წარმოაჩინონ უფლებების ჰიპერ დარღვევის ფაქტად, ყველამ გაიხსენოს გუშინდელი ნამოქმედარი. როდესაც მუდმივად აქეთ არიან ბრალდებებზე გადმოსული, ეს სერიოზული პრობლემების შემქმნელია. დავითაშვილიც გამოხატავს ხალხის ემოციას და თუ "ნაციონალებს" ვინმე დარჩათ მხარდამჭერი, ისინიც ამას გამოხატავენ. თუმცა, დეპუტატები არიან და ეს არ უნდა გადაიზარდოს ცემა-ტყეპაში", - აღნიშნა ძიძიგურმა.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.