საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა "მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა . როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რატიანმა განაცხადა, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კობა დავითაშვილმა "ზღვარგადასული შეურაცხყოფა არ შეწყვიტა". თუმცა, ამის მიუხედავად რატიანი მაყურებელს მოდიშს უხდის.
ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.