პარლამენტის წევრები საზოგადოებისთვის თავშეკავების მაგალითები უნდა იყვნენ , - ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას ჟურნალისტებს იუსტიციის სახლთან განუცხადა.
მისი თქმით, კობა დავითაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში რატიანთან დებატებისას უკიდურესად პროვოკაციულად იქცეოდა, რასაც მოჰყვა სერგო რატიანის რეაქცია. ბაქრაძის განცხადებით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
"ისეთი ტონალობით საუბარი, როგორითაც კობა დავითაშვილი სატელევიზიო ეთერში საუბრობდა, არის მიუღებელი და პროვოკაციული. საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. პარლამენტის წევრები უნდა ვიყოთ თავშეკავების მაგალითები და ცივილურად საუბარი შეგვეძლოს. მიუღებელია კობა დავითაშვილისგან სერგო რატიანის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა", - განაცხადა დავით ბარაძემ.
ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" დღეს უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.