ქალთა #5-ე დაწესებულებიდან მსაჯვრდებულთა სისტემატური შეურაცხყოფის გამო ორი ხელმძღვანელი პირი დაითხოვეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ სად-ის #5-ე ქალთა დაწესებულების ნახევრად ღია და დახურული ტიპის განყოფილების უფროსი გიორგი ფიფია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი გიორგი როდონაია 2011-2012 წლების პერიოდში სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალ მსჯავრდებულებს, ასევე ახდენდნენ მათზე ძალადობას და არღვევდნენ მსჯავრდებულთა სხვა უფლებებს.
კორძაიას განცხადებით, ამავდროულად ფიფია და როდონაია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მსაჯვრდებულებს ხშირად უნახავთ არაფხიზელ მდგომარეობაში. მინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, აღნიშნული დასტურდება #5-ე დაწესებულების 5 მსაჯვრდებული ქალის ახსნა-განმარტებით.
"გიორგი ფიფიას და გიორგო როდონაიას მიმართ გამოყენებული იქნა უმკაცრესი ზომა – სისტემიდან დათხოვნა. ამავდროულად, მასალები გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.