საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ევროპულ გზას უალტერნატივოდ მიიჩნევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, პარლამენტში იხილება კონსტიტუციაში შესწორების საკითხი, რომ საქართველო არ შევიდეს არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში.
"მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატივს არ ვცემთ ქვეყნებს, რომლებიც აქ არიან. ბელორუსი ინტეგრირებულია იმ ძველ კომპლექსში, საქართველო კი უფრო მეტად ინტეგრირებულია ევროპულ კომპლექსში. საქართველოსთვის იმ გაერთიანებაში ყოფნა ეკონომიკურად არაფრის მომცემია, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის იარაღი. თავისთავად საქართველოს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან პრობლემა არ არის, მაგრამ საქართველოს კურსია დასავლეთი და ევროპა. ჩვენ შევძელით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება, ვახერხებთ სატრანსპორტო დამოუკიდებლობის მოპოვებას და საქართველო მყარად უკავშირდება ევროპას. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის საიმედო პარტნიორი. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს თავს მომავალში ევროკავშირის წევრად და სულ უფრო მეტი ევროპელი განგვიხილავს ასე", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, 8 წლის წინ საქართველო ახლოსაც არ იყო ამ ოცნებასთან. "თქვენთან ერთად ჩვენ პიონერები ვართ ამ გზის გაკვლევაში ევროპისკენ. მე, როგორც პრეზიდენტი ჩემს დარჩენილ ვადაში და როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ მრავალი წელი იმუშაოს ამ მიმართულებით და მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, მოწადინებული იქნება, ეს მუშაობა გააგრძელოს. ჩვენ, როგორც ერს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.