იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა გააცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისია განიხილავს ყველა იმ პირის საქმეზე, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავს უკანონობის მსხვერპლად მიიჩნევენ.
"კომისის ფუნქცია იქნება შეისწავლოს ყველა ის საქმე, რომელშიც მომჩივანს მიაჩნია, რომ უკანონოდ ჩამოერთვა ქონება. იქნება დადგენილი კრიტერიუმები, თუ ვის შეუძლია ამ კომისიას მიმართოს, კონკრეტულად რომელი კატეგორიის საქმეზე, რა პერიოდში და ა.შ. განსაზღვრული გვაქვს ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმე, იმისთვის, რომ მოხვდეს კომისის ფარგლებში, 2005 წლიდან უნდა იყოს დამდგარი. ეს შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალებს, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეებზე დავის ღირებულება უნდა იყოს 100 ათას ლარზე ზევით. ესაა დროებითი კრიტერიუმები, იქიდან გამომდინარე, რომ ველოდებით სამუშაო ჯგუფის წევრებისგან შენიშვნებს", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსაც ესაუბრა, რომელიც მას "სიხარულით შეხვდა". "ბატონი ჯანი ბუკიკიო სიხარულით შეხვდა ამ ინიცაიტივას და აღნიშნა, რომ თუკი ასეთი კომისია იარსებებს, გამოირიცხება იმ ტიპის შეკითხვა, რაც დაისვა პოლიტპატიმრების შემთხვევაში", - აღნიშნა წულუკიანმა.
სამუშაო ჯგუფის წევრის, მერაბ ტურავას განცხადებით კი, კომისია 15 მოსამართლით იქნება წარმოდგენილი. "აქედან კომისიის 9 წევრი გადასინჯავს სისხლის სამართლის საქმეებს, 3 მოსამართლე სამოქალაქო გადაწყვეტილებებს შეისწავლის, ასევე, 3 მოსამართლე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა წესით მიღებულ საქმეებს. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის დასკვნა არ იქნება ის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში რაიმე ცვლილებას შეიტანს, მაგრამ დასკვნა განსახილველად სასამართლოს აუცილებლად გადაეგზავნება და ის მის კონტროლს დაექვემდებარება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მისივე თქმით, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაისინჯოს 2005 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ იმ ადამიანთა სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც პოლიტიკური პატიმრის ან დევნილის სტატუსი მიენიჭათ.