საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მონაწილეები მიიღო. როგორც "ფეისბუქში", პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში ჩართული ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა თბილისში გამართული არაფორმალური მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში სხვადსახვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში არსებული პროგრესი და ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ქ. ვილნიუსში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მოსამზადებელი საკითხები.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში ჩართული ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული დემოკრატიული ფასეულობების გაზიარების მნიშვნელობას. "აქ წარმოდგენილ ქვეყნებს კარგად ესმით თუ სად არის რეალური ფასეულობები. ყველა ქვეყნის მოსახლეობა ისწრაფვის უკეთესობისკენ, მადლობა ევროპას, რომ შეძლო დაენახებინა ჩვენთვის უკეთესი გზა, საითკენაც სიამოვნებით მივისწრაფვით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს პრემიერმა მადლობა გადაუხადა არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის.