რაში სჭირდება ახალ ხელისუფლებას კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, - ამის შესახებ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკითხვაზე საუბარი შეეხებოდა დასაქმების მაძიებელთა პროგრამას, მიზნებს, თუ რატომ გააკეთა მთავრობამ ეს პროგრამა და ამასთან დაკავშირებით გამომძიებლებს მის ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ჭიაბერაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ძირითადი ყურადღება სწორედ მოსახლოების უმუშევრობასა და მათ დასაქმებაზე უნდა გააკეთოს.
"მე მივეცი განმარტებები, თუ როგორ განხორციელდა ეს პროგრამა და თვითონ გამოძიებაც ადასტურებს, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. თვითონ ამ პროგრამის ფარგლებში გამოძიების ჩატარება ჩემთვის ბევრ კითხვას აჩენს, კერძოდ, რაში სჭირდება ახალ ხელისუფლებას კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ამის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ უნდა აიღოს ჩვენს მიერ გაკეთებული მონაცემთა ბაზა, პირველ რიგში დაასრულოს იგი, რადგან ის მხოლოდ 25 ქალაქშია, დაასრულოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შექმნას სამუშაო ადგილები, რადგან ხალხი იყოს დასაქმებული", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ამასთან, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ახალ ხელისუფლებას მოუწოდა, თავი დაანებოს პოლიტიკურ შანტაჟს და ოპონენტების დევნას. რაც შეეხება იმას, მოელის თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმეორედ პროკურატურაში ამავე საკითხზე კიდევ ერთხელ დაკითხვას, მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები შეუძლიათ პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის იარაღად აქციონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ არის გამორიცხული მეორედ, მესამედ ან მეოთხედაც დაიბარონ დაკითხვაზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში მოწმის სახით ადვოკატის გარეშე ოთხსაათნახევარი იკითხებოდა.