აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის ინფორმაციის თანახმად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა გასულ თვეში ნაკლები მოცულობის ნავთობის გადატანა უზრუნველყო.
როგორც კომპანია "სოკარის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა იანვარში 2.57 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით ნაკლებია, თუმცა კომპანიას ამ დრომდე ექსპორტის შემცირების მიზეზი არ განუმარტავს.
აზერბაიჯანმა, რომელიც რიგით მესამე ნავთობმწარმოებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსეთისა და ყაზახეთის შემდეგ, 2012 წელს სულ 43 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდება უზრუნველყო. ეს მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 1.768 კილომეტრიანმა მილსადენმა იანვრის თვეში ასევე უზრუნველყო 196.447 ტონა თურქმენული ნავთობის გადატანა. ეს მაჩვენებელი წინა წელს 318.158 ტონას შეადგენდა.
მასალა მომზადებულია სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით.