საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას და მკაცრად გმობს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2013 წლის 12 თებერვალს ჩატარებულ ბირთვულ ცდას, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1718, 1874 და 2087 რეზოლუციების მთავარი მოთხოვნის დარღვევას - არ აწარმოოს ან გამოსცადოს ბირთვული იარაღი.
"აღნიშნული ბირთვული ცდა წარმოადგენს გამოწვევას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური რეჟიმის მიმართ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ასევე მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე.
ჩვენ მოვუწოდებთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩაერთოს დიალოგში საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნული ქვეყანა მიიღებს შესაბამის ზომებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების იმპლემენტაციისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.