ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, ამირან მესხელსა და გივი თარგამაძეს ასახელებს , - ამის შესახებ 8-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის თანხმობით ხდებოდა, მას დევნიდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და კონტროლის პალატის წარმომადგენლები.
"საუბარია კონტროლის პალატაში კუდ-ის მიერ მიმაგრებულ ე.წ მრჩევლებზე, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროსაც ჰყავდა. ხშირია, როდესაც ერთი დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლების უზურპაციისკენ მიდის, სხვა პარტიის წევრებს ან დამოუკიდებელ ადამიანებს დევნის. სატყეო დეპარტამენტში ყალბი დოკუმენტაციით ხდებოდა ფინანსური მაქინაციები, რაც მე ავკრძალე. ვეწინააღმდეგებოდი ჩაქუჩის ქვეშ ტყეების გასხვისებასაც, რის გამოც კახა ბენდუქიძესთან არაერთხელ მქონდა მძიმე საუბარი. მისი არაეთიკური ლექსიკა კი კარგად მოგეხსენებათ", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გივი თარგამაძის უშუალო მითითებით გამოცხადდა, რამაც "გერმანიაში ცხოვრება ძალიან გაურთულა". როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ემიგრაციაში წასვლიდან სამ დღეში, მისი სატელევიზიო მიმართვის გავრცელების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დაურეკა.
"მითხრა, რატომ არ მითხარი ის ყველაფერი, რაზეც მიმართვაში საუბრობო. ვუთხარი, რომ მალე მათი უკანონო ქმედებების დამადასტურებელ დოკუმენტებს გამოვაქვეყნებდი, რის შემდეგაც ჩვენი საუბარი საბოლოოდ დასრულდა და სასამართლომ დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა შემიფარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას, მისი თქმით, ამ საკითხზე გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას და დოკუმენტებს არ ფლობს, თუმცა აქვს ჟვანიას "ძალადობით მოკვდინების" ვარაუდი.
"გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჟვანია ჩემთან პირად საუბარში აღნიშნავდა ხოლმე, რომ ყოფილ პარტნიორებთან გაუცხოება დაეწყო", - აღნიშნა გიორგობიანმა.