ბიძინა გიორგობიანი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას აპირებს. როგორც 8-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა გიორგობიანმა
"ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ სურს, პოლიტიკურ პროცესებს შორიდან უყუროს.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური შეხედულებებით კონსერვატორია და აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს როგორც "კონსერვატიულ", ისე კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ სხვა პარტიებთან.
"იმ პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში დაიწყო, სჭირდება აქტიური მუშაობა, როგორც საკანონმდებლო, ისე - სამოქალაქო სექტორში. ვითანამშრომლებ იმ პარტიებთან, რომელთა გზა მიმართულია საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, შეთავაზება კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიუღია, თუმცა გამორიცხული არაფერია.
"ჩემი საქმიანობა პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთვები, თუმცა მეტ კონკრეტიკაზე საუბარი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ შემეძლება. სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, თუ შენ არ დაინტერესდები პოლიტიკით, პოლიტიკა დაინტერესდება შენით და სახლში შემოგივარდება", - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი თვით დაბრუნდა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავისუფალი გადაადგილების საშუალების მინიჭების შემდეგ მიიღო.
"არჩევნები შორს იყო იდეალურისგან და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრაქტიკულად იძულებით დათმო ხელისუფლება, თუმცა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გაძლიერებას გამოადგება. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ხდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართლი დასუსტება, რამაც საბოლოოდ ტირანიის დამახინჯებული ფორმა მოგვიტანა. ეს გამოიხატებოდა არა მხოლოდ ერთპარტიული მმართველობით, არამედ ტოტალური მოსმენებით და ადამიანის უფლებების მასობრივი რღვევით - მათ შორის ჯარსა და ციხეებში. მივესალმები, რომ ოპოზიციამ მოახერხა დემოკრატიული განვითარების იდეის გარშემო კონსოლიდაცია და ქვეყანამ ნაბიჯი დემოკრატიისკენ განსაკუთრებული რყევების გარეშე გადადგა", -აღნიშნა გიორგობიანმა.
ბიძინა გიორგობიანს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემთა სასართლებრივი დევნის დაწყება ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს. მისი თქმით, არ სურს "ძვირფასი დრო" ამაზე დაკარგოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამ თემაზე კონსულტაციების შედეგად მიიღებს.