დავების განხილვის საბჭო მუშაობის პრეცედენტული სამართლის პრინციპზე გადადის. გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილებით, არასამთავრობო სექტორიდან დავების განხილვის საბჭოში ორი წევრი ჩაერთვება.
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.
"3 თვის განმავლობაში დავების განხილვის მძიმე პროცესში შევეცადეთ შეგვეტანა სიახლე. საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის მიზნით, ჩვენ გამოვედით ინიციატივით და მათში არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი შევიყვანეთ. ესენია მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბაშიშვილი. მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზეც, რომ დაწესდება გარკვეული როტაცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საბჭოში წელიწადში ორჯერ შეიცვლებიან. გარდა ამისა, აუცილებლად გამოქვეყნდება საბჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ვებგვერდზე და ყველას ექნება საშუალება, გაეცნოს მიღებული გადაწყვეტილების მოტივაციას", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მისვე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სწორედ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაა, რა მიმართულებითაც ბიზნესთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
"ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა არის ის, რომ ჩვენ თავი დავანებეთ ბიზნესში ქირურგიულ ჩარევებს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მისი მოადგილის, დავით ებრალიძის განმარტებით კი, დავების განხილვის საბჭო უკვე 3 თვეა პრეცენდენტული სამართლის პრინციპით მუშაობს და ამ პრინციპის საფუძველზე სამასამდე საქმე განიხილა.
"ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი მომდევნო გადაწყვეტილება მსგავს გადაწყვეტილებას დაეფუძნება. ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნება ვებგვერდზე საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე, ასე რომ ნებისმიერ მეწარმეს შესაძლებლობა აქვს ნახოს ჩვენი გადაწყვეტილება, აიღოს პრაქტიკა და სწორედ იმით იხელმძღვანელოს. ესაა ძალიან სერიოზული ცვლილება, რაც საგადასახადო სამართალს ცვლის, ვინაიდან ის კიდევ უფრო დაიხვეწება. ამასთან, ეს პრინციპი ამცირებს დავების დროს საგადასახადო რისკებს", - აღნიშნა დავით ებრალიძემ.
"შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნესორგანიზაციების, ადვოკატთა და აუდიტორთა საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.