ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდებს, საჯაროდ ნუ იტყვიან იმას, რასაც მარტო დარჩენილები ფიქრობენ.
ასე გამოეხმაურა წულუკიანი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაკავებული თანამდებობიდან კურტანიძის სასწრაფოდ გადაყენებას ითხოვენ.
"როდესაც მარტო ვრჩები წარსული მთავრობის წარმომადგენლებზე შეიძლება, ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ საჯაროდ არ ვამბობ, მოვუწოდებ "ქართული ოცნების" წევრებს, ნუ იტყვიან საჯაროდ იმას, რასაც ფიქრობენ მაშინ, როცა მარტო რჩებიან", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო "ნაციონალური მოძრაობა" შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორის ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კურტანიზის განცხადებებს არიქვამს, როგორც შსს-ს და პირადად მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას.
თავად კურტანიძის განცხადებით, მის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემული ინტერვიუს შინაარსი და არც მისი პოლიტიკური ხედვა შსს-ს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა.
"გაზეთ "ასავალ-დასავალის" 11 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შევაფასე. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ინტერვიუს შინაარსი და არც ჩემი პოლიტიკური ხედვა შსს-ს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა. ეს იყო ჩემი, როგორც წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული მოქალაქის პირადი დამოკიდებულება", - განუცხადა "პირWელს" კურტანიძემ.