იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დეპუტატების საგამოძიებო ორგანოში მოწმის სტატუსის დაკითხვაზე გამოუცხადებლობა პროკურატურას აიძულებს, ისინი პარლამენტში დაკითხოს.
ასე გამოეხმაურა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის დასაკითხად იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში მიიწვია.
წულუკიანის თქმით, ღვინიაშვილის არა მხოლოდ ბუტა რობაქიძის, არამედ სხვა საქმეებზეც იქნება დასაკითხი.
"თავიდან მოხდა ისე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატებმა სტატუსით ბოროტად ისარგებლეს და მოწმის სახით დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადეს. არცერთი კანონი არ აძლევს დეპუტატს უფლებას უარი თქვას დაკითხვაზე მისვლაზე, მათ დაარღვიეს კანონი რაც გვაიძულებს, რომ ჩვენ თავად მივიდეთ და ისინი პარლამენტში დავკითხოთ, ერთხელ ასეთი რამ უკვე გაკეთდა გიგი უგულავას შემთხვევაში. როდესაც მოქალაქე დაკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვრჩება, პატივს ვცემთ დეპუტატის სტატუსს და მას რამდენჯერმე ვიწვევთ დაკითხვაზე და თუ იგი არ ცხადდება, მაშინ გამომძიებელი მასთან თავად მივა", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პროკურატურა გადადგავს ყველა ნაბიჯს, რომ მთავარი მიზანი შესრულდეს და ისინი დაიკითხონ.