რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებასთან , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში", ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური დიალოგის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზებაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოეწერება ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის საკითხი, ვინაიდან ნებისმიერ ქართველ მწარმოებელს საშუალება მიეცემა, სავაჭრო ურთიერთობები დაამყაროს ევროკავშირის ქვეყნებთან. "და ეს გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთის ბაზარი", - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ გაწევრიანდება რაიმე საბაჟო კავშირში საქართველო, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტში და ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავს.