აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით წარსდგა, რომლის მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა იყო. ამის შესახებ `ბიბისი~ იუწყება.
ოაბამას განცხადებით, ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საშუალო ფენისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
"სახელმწიფომ მხოლოდ რჩეულთა კი არა, ყველას კეთილდღეობისთვის უნდა იზრუნოს და ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას", - აღნიშნა ობამამ სიტყვით გამოსვლისას.
ბარაქ ობამა ასევე შეეხო ავღანეთში აშშ-ის ჯარების ყოფნის საკითხს. მისი განცხადებით, 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთში ომი დასრულდება. ამ დროიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში, ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობა განახევრდება და 34 ათასს შეადგენს, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დანარჩენი ამერიკელი სამხედროები კი ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ.
აშშ-ის პირველმა პირმა კონგრესში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის სფეროში გასატარებელ მომავალ რეფორმებზე, იარაღის კონტროლსა და მიგრაციულ პოლიტიკაზე.