ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა . როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ მთავრობას აქვს ძალიან კარგი საშუალება იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე და ქვეყანაში უმუშევრობა აღმოფხვრას.
"ბაზა, რისი შექმნაც ჩვენ დავიწყეთ და ნაწილობრივ მოვახერხეთ პირველ ოქტომბრამდე, ამის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა და შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაკითხვაზე გვატარონ, ეს პროგრამა გადადონ და დასაქმების სამინისტრო გააუქმონ, დასაქმების პრობგრამაზე მუშაობა უნდა გააგრძელონ", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ დაკითხვას, ამასთან დაკავშირებით მან დეტალური კომენტარი არ გააკეთა.
დღესვე, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში 16:00 საათზე ელოდებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს.
საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 000-ზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმებაზე. გამოძიების ინფორმაციით მათ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ფარგლებში არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებიათ და თანხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული აქტიური მხარდაჭერისთვის მიიღეს. გამოძიების ცნობით, მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარზე მეტია დარიცხული.