აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესის შეცვლის შესახებ უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა.
პარმენ ჯალაღონიას თქმით, შენიშვნების ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა უფრო მეტად დემოკრატიულია და იძლევა საზოგადოების ფართო ჩართულობის შესაძლებლობას. როგორც ჯალაღონიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები მიმდინარეობდა არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან:
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ იქნა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და აჭარის უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით დაუბრუნდა კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ფორმირების წესის შეცვლას, ასევე, უმაღლეს საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. შენიშვნების ძირითადი მოტივი იყო ის, რომ ჩვენი თვალთახედვით, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმა უფრო მეტად დემოკრატიულია და იძლევა საზოგადოების ფართო ჩართულობის შესაძლებლობას", - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, უმაღლეს საბჭოს აქვს უფლება გაითვალისწინოს მოტივირებული შენიშვნები, რისთვისაც 15 დღიანი ვადა აქვს.
"ან გადალახული იქნება შენიშვნები და უკან გადმოეგზავნება აჭარის მთავრობას ხელმოსაწერად, ან გათვალისწინებული იქნება შენიშვნები და უბრალოდ, დარჩება ძალაში დღეს მოქმედი კანონის ნორმა", - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკო-ს დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი 29 იანვარს დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კანონისთვის ხელი 10 სამუშაო დღეში უნდა მოეწერა, ან შენიშვნებით დაებრუნებინა უმაღლესი საბჭოსთვის.
უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უსკო-ს კომისია და თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა. ამასთან, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები - უვადოდ, ხოლო თავმჯდომარე მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.
კანონის მიღებით მოქმედ უსკო-ს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, რადგან, კანონის გამოქვეყნებისთანავე აჭარის მთავრობამ კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა გამოაცხადოს.