უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის მონაწილეობით , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, თემაზე - "სასამართლოს ხელისუფლების გამოწვევები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება" პროფესორ-მასწავლებლებთან დისკუსია გაიმართა.
მრგვალ მაგიდას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, ასევე სამართლის დარგის მეცნიერები, მოსამართლეები, არასამთავრობი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
როგორც ჟურნალისტებს სანდრო ბარამიძემ განუცხადა, მან სიამოვნებით მიიღო მიწვევა დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით და მოხარულია, რომ ამგვარი ღონისძიებები პროფესორ მასწავლებლებთან ტარდება. ბარამიძემ ისაუბრა უშუალოდ დაგეგმილ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ რეფორმებს კრიტიკულ შენიშვნებს აძლევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
"იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები სამართლის ყველა მიმართულებით, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. ჯერ კიდევ ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა და დეკემბერში წარვუდგინეთ პარლამენტს პროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუტების რეფორმირებას. ამით ინტერესდებიან აკადემიური წრეები და დღევანდელი ღონისძიებაზე დასწრების მოწვევა სიამოვნებით მივიღე, რათა გავუზიარო ჩვენი მოსაზრებები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდა, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა. რეფორმები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებების დიდი ნაწილის შეზღუდვასაც ითვალისწინებს და გასაკვირი არაფერი არ არის. რაციონალურ წინადადებებს ჩვენ ყველასგან ვღებულობთ", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
ამასთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მომზადებულ რეფორმებში იუსტიციის სამინისტრო და უზენაესი სასამართლო გარკვეულ საკითხებზე თანხმდება, თუმცა რეფორმებში არის ისეთი პუნქტებიც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობას.
"დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს, გარკვეულ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროსთან შევთანხმდით და ერთგვაროვანი პოზიციები გვაქვს. იქ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენს მოსაზრებებს დიდწილად ჩვენთან საუბარში დაეთანხმნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. უფრო კონკრეტულად კი, დაუშვებელია კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერება და ასევე მეორე საკითხი – არ უნდა იყოს აკრძალვა სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის, მოადგილეებისთვის და კოლეგიის წევრებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.