რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური დიალოგი , ტრანსპორტის მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ერთმანეთს უზიარებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიდის სატრანსპორტო სისტემების განვითარება, და ასევე როგორ მიმდინარეობს პოლიტიკა ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ნარმანიას განმარტებით, საქართველოში ეკონომიკის სამინისტრო ტრანსპორტის პოლიტიკაზე მუშაობს, ხოლო მისი უწყება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
"ამიტომ გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ავასრულოთ. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, რომელიც ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ დროში მოიგონ პარალელურად როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ხორციელდება ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები და რამდენიმე წელიწადში ავტომაგისტრალის ყველა ძირითადი მონაკვეთი, სადაც დაწყებულია სამუშაოები ან მიმდინარეობს პროექტირება დასრულებული იქნება.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მინისტრის განცხადებით, წარმოდგენილი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, დონორი ორგანიზაციები, რომელთა მხარდაჭერითაც ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაწვდით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ვავითარებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით სომხეთისა და
აზერბაიჯანისთვის ყოველთვის საინტერესოა საავტომობილო გზების განვითარების მიმართულება, იმიტომ რომ ისინი საქართველოს იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.