საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების მოსურნე კომპანია ერთი თვის წინ შეიქმნა. კომპანია HI-Lite Global Corporation, რომელმაც საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების სურვილი 10 თებერვალს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე გამოთქვა, ერთი თვის დაარსებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე - Bizarpedia ვრცელდება , რომელიც რეგისტრირებულ კომპანიათა ერთგვარ ცნობარს წარმოადგენს. ასევე ირკვევა, რომ ვებგვერდზე განთავსებულ კომპანიათა ჩამონათვალში HI-Lite Global Corporation-ის შესახებ ჩანაწერი 23 იანვარს გაჩნდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამერიკული კომპანია გეგმავს ინვესტიცია გზების, მაგისტრალებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებში განახორციელოს. კომპანიას აქვს ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები მაგისტრალებისა და ასაფრენი ბილიკების მოვლა-პატრონობის, ასევე, საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და გზების დახაზვის სფეროში.
"ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც ჩვენი მხრიდან მათთვის პირობების განმარტება მოხდა. ამიტომ, ახლა თავადაც ჩამოყალიბდებიან, რა მიმართულებით უნდათ რომ იმუშაონ და ამ საკითხებზე ჩამოყალიბების შემდეგ ჩამოვა უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში. საკმაოდ გამოცდილი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია ამერიკის "ექსიმ ბანკიდან" მოიზიდოს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ 10 თებერვალს, Hi-Lite Global Corporation მრჩეველთან იურიდიულ საკითხებში, ჯონ ჩიგბუსთან და მის თანმხლებ პირებთან შეხვედრის შემდეგ.
12 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, "პირველი ინვესტორი, საინვესტიციო გარემო და პრემიერ-მინისტრის ინიცირებული თვითინვესტირების კერძო ფონდი", "ინტერპრესნიუსი" წერდა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების მსურველი კომპანიის, HI-Lite Global Corporation შესახებ საძიებო სისტემა Google-ში ინფორმაცია არ იძებნებოდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა ჩვენი სააგენტოს მომხმარებელი და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე Bizarpedia.com.
"ინტერპრესნიუსი" მადლობას უხდის მომხმარებელს ინფორმაციის მოწოდებისთვის.