წინა კვირას დაწყებული შეხვედრები საქართველოში მოქმედ ბანკებისა და ბიზნესკომპანიების წარმოამდგენლებთან ამ კვირაშიც აქტიურად გაგრძელდა.
გუშინ საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლები. მსხვილ და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მისი მოადგილეებიც.
ოპონენტების კრიტიკის ფონზე მთავრობა ცდილობს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საქართველოში და ამგვარად, უფრო მიმზიდველი გახადოს საინვესტიციო გარემოც.
2012 წლის III კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 195.4 მლიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე 24 მილონი აშშ დოლარით ნაკლებია. ამ სტატისტიკური მონაცემების ფონზე, იანვრის თვეში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული ვიზიტების შემდეგ იუწყებოდა, რომ შეხვედრები ძირითადად სწორედ საინვესტიციო ფონდებთან და დიდ კონცერნებთან ჰ ქონდა. მისი თქმით, შეხვედრა შედგა კომპანია Phillips-თანაც, რომელსაც კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. ამის გათვალისწინებით, მინისტრი ვარაუდობდა, რომ წლის მეორე ნახევრისათვის საქართველოსადმი ინვესტორების დაინტერესება გაიზრდებოდა.
მართალია Phillips-ის წარმომადგენლები საქართველოში ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა პირველი ინვესტორი, რომელსაც, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში სურს ინვესტიციის განხორციელება. სამინისტროს ცნობით, ამერიკული კომპანია Hi-Lite Global Corporation გეგმავს ინვესტიცია გზების, მაგისტრალებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებში განახორციელოს.
"ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც ჩვენი მხრიდან მათთვის პირობების განმარტება მოხდა. ამიტომ, ახლა თავადაც ჩამოყალიბდებიან, რა მიმართულებით უნდათ რომ იმუშაონ და ამ საკითხებზე ჩამოყალიბების შემდეგ ჩამოვა უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში. საკმაოდ გამოცდილი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია ამერიკის "ექსიმ ბანკიდან" მოიზიდოს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
კომპანიის საქმიანობაში უკეთესად გარკვევის მიზნით ვეცადეთ მეტი ინფორმაცია მოგვეძიებინა, თუმცა საძიებელი სისტემა Google-ის მეშვეობით ვერც კომპანიის ვებგვერდს და ვერც რაიმე სახის სხვა ინფორმაციას Hi-Lite Global Corporation-ის შესახებ ვერ მივაგენით.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორ განახორციელებს კომპანია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციას, პირდაპირი ინვესტირების გზით თუ გამოიყენებს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საინვესტიციო ფონდების რესურსსაც, რაზეც დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინვესტორთან საუბარი ჯერ არ ყოფილა.
შეგახსნებთ, გარდა სუვერენული და და ახალგაზრდული ფონდებისა, უშუალოდ ინვესტორთა დასაინტერესებლად იგეგმება თვითინვესტირების კერძო ფონდის შექმნა. 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ, გამჭვირვალობის სრული დაცვით, შესაძლოა მან ფონდში საკუთარი სახსრებიც ჩადოს. "უცხოელებისთვის ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მათ პარტნიორობას ადგილობრივი კაპიტალი გაუწევს. ნებისმიერი ინვესტორი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, მინიმუმ 25% ინვესტიციას თუ ახორცილებს და საინტერესო პროექტი აქვს, ამ ფონდიდან 75%-იანი პარტნიორობა ექნება. ამ ფონდთან იმუშავებს ძლიერი ბიზნესჯგუფი," - განაცხადა პრემიერმა.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, პირველ წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ოდენობა 200-400 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივი ზრდის შედაგად 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოზიდვის ეფექტურ წყაროს წარმოადგენს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი მენეჯმენტის ფორმაზე იქნება დამოკიდებული. "თუნდაც ნდობის თვალსაზრისით, როდესაც იურიდიული პირი გადაწყვეტს ფულის შეტანას ამ ფონდში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ფული უსაფრთხო და სანდო გარემოში მოხვდა. ამასთან, ფულის დამბანდებელს უნდა ჰქონდეს მოტივაციაც, ანუ სარგებელი, რომელსაც ის მიიღებს საკმაოდ მაღალი უნდა იყოს", - ამბობს ჭიჭინაძე.
ამასთან, დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ თვითინვესტირების ფონდის მენეჯმენტს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განახორციელებს, რომელიც სპეციალურად ამისათვის დაკომპლექტდება. გარდა ამისა, ფონდში კაპიტალის დამბანდებელთათვის სარგებლის დონეს განსაზღვრავს ის ფაქტორი, თუ რამდენი იქნება კონკრეტული პროექტის შემოსავლები, მოგება. კოვზანაძის თქმით, ფონდი დააფინანსებს ყველა იმ სექტორს, რომელიც საქართველოსათვის სტრატეგიულად არის მიჩნეული და მხედველობაში მიიღებს პროექტების ფინანსურ მიმზიდველობასაც.
"ეს იქნება პირდაპირი ინვესტიციების ღია ფონდი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო და ინსტიტუციური კაპიტალის მონაწილეობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინვესტირების ჰორიზონტი იქნება ორიდან შვიდ წლამდე და თითოეული ინვესტიციის ოდენობა შეიძლება იყოს 1-5 მილიონიდან ზემოთ სექტორების მიხედვით," - ამბობს კოვზანაძე.
"ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ საინვესტიციო ფონდების შექმნა საინვესტიციო გარემოს ხელყოფასა და კერძო კომპანიების რისკების სოციალიზაციას გულისხმობს. "დღეს განვითარების გარკვეულ ეტაპზე ვართ და საჭიროა იმ ხარვეზების აღმოფხვრა რაც იყო: ეკონომიკაში ჩარევა, წილების გადანაწილება, არაოფიციალური ზეწოლა ბიზნესზე, გაუმჭვირვალე გადასახადები, როცა ზოგი იხდიდა, ზოგი - არა. კერძო საინვესტიციო ფონდთან მთავრობას არაფერი ესაქმება, ასეთი ფონდები ისედაც ბევრია ან თუ არ არის, შექმნება, როცა ამის საჭიროებას ვინმე დაინახავს. მთავრობა რა შუაშია კერძო ფონდთან? რატომ უნდა იყოს მთავრობა კერძო ფონდის შექმნის ინიციატორი?" - ამბობს შეშელიძე.
ამის საპასუხოდ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით 2007 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი საქართველოსათვის, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2 მილიარდს ასცდა. მას შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელად დგას ერთ მილიარდთან მიახლოებულ ნიშნულზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა ინვესტიციების მოზიდვის პროცესის გააქტიურება.
"ეს არის კერძო ფონდი. რა არის ცუდი იმაში, რომ ინიციატივა პრემიერისაგან მოდის? ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია. თუკი აქამდე არ შექმნილა, ახლა უნდა შეიქმნას, ასეთი მაგალითები მსოფლიოში ბევრია. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ინიციატივა, ეს არის მხარდამჭერი ინიციატივა. მთავარია, რომ განხორციელდეს. ეს ხელშეწყობაა იმისათვის, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს, ახალი პროექტები განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური ინვესტიციებით," - აცხადებს კოვზანაძე.
ვინაიდან თანაინვესტირების კერძო ფონდის შექმნა სპეციალური საკანონმდებლო ბაზის მომზადებას გულისხმობს, მთავრობა შესაბამისი კანონმდებლობის მომზადებასა და პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენას მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში გეგმავს.