ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე პოლიტიკოსებს შორის ურთიერთგაგების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენებისა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა, მთავარია, კანონის უზენაესობის ერთგულება და პატივისცემა გაგრძელდეს.
"ეს ინკლუზიური პროცესია, რომელშიც ძირითადი პოლიტიკური მხარეები უნდა მონაწილეობდნენ და ეს საჭიროებს კომუნიკაციის ღია არხების გახსნას. უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება და არის ისეთი ხაზები, რომლებიც სჯობს არ გადავკვეთოთ. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგება ქვეყნის სანდოობის საკითხები", - განაცხადა შტეფან ფულემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს შორის შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ამ ყველაფერმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს და მიმართულებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.