მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს შევხდე დიდი რეგულარულობით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, რაც ქვეყანაში დღეს ხდება, საფრთხის შემცველია.
"ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქუჩებში, საპარლამენტო დისკუსიებში, კამერების მიღმა ხდება, არის გარკვეული საფრთხის შემცველი. ახლა უნდა დავდგეთ პირად ამბიციებზე მაღლა. ჩვენც და მთავრობამაც უნდა ვიმუშაოთ ერთად, ამიტომაც ვთქვი, რომ მზად ვარ პრემიერ-მინისტრს შევხვდე დიდი რეგულარულობით, გაფუჭებული ტელეფონი კი არ ვითამაშო და შუამავლის მეშვეობით ველაპარაკო, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი მათ ამბიციებზე მაღლა უნდა დააყენოს.
"ჩვენი ევროპული მომავალი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსის ამბიციები. ცალკეულ პოლიტიკოსებში მეც შევდივარ, პრემიერიც და ბევრი სხვაც", - აღნიშნა სააკაშვილმა.