პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი პრიორიტეტული საკითხი კოალიციისათვის პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტია და არა პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც პრეზიდენტი და მისი გუნდი აპელირებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, უმრავლესობას ძალიანაც რომ სურდეს პარლამენტის უახლოეს პერიოდში ქუთაისიდან თბილისში გადატანა, ეს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდება, რადგანაც პარლამენტის შენობა შესაბამის მდგომარეობაში არ არის.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის განხილვა და კენჭისყრაზე გატანა პარლამენტის უახლოესი სესიების დღის წესრიგში არ დგას.
"პრეზიდენტი ხელოვნურად ცდილობს წამოწიოს ისეთი თემები, როგორც მტკივნეულ საკითხებად, რაზეც უახლოეს პერიოდში განხილვა საერთოდ არ იგეგმება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, რადგანაც პოლიტიკური პროცესები ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს", - აცხადებს მანანა კობახიძე.
მისივე თქმით, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" პრობლემატური არც საგარეო კურსის კონსტიტუციით განსაზღვრაა. როგორც კობახიძე განმარტავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს იმ ფორმით გაკეთდეს, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან.