საქართველო არის შემართულობის და თანმიმდევრულობის მაგალითი და დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც კოჰაბიტაციას თან სდევს, საქართველო რეფორმების გზას გააგრძელებს , - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზებლო საკითხებში შტეფან ფულემ ქორთიარდ მარიოტში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დიალოგის არაფორმალური შეხვედრა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის.
შტეფან ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მინისტერიალის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის ფონზე.
"ვილნიუსის სამიტი, ჩვენი ვარაუდით, რეალურ შედეგებს დადებს და მოვახერხებთ მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, მოლდოვასა და სომხეთთან. არსებობს პროგრესი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესშიც. ამავდროულად, ქვეყნების ერთ ჯგუფთან განიხილება ვიზების გამარტივების და მეორე ჯგუფთან ლიბერალიზაციის პროცესი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი სწორედ ვიზების ლიბერალიზაციაა", - აღნიშნა შტეფან ფულემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამონაწილეობის მომენტიც, რაც გულისხმობს მსგავსი ღონისძიებების 6 თვეში ერთხელ ორგანიზებას.
"ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნოირობის ერთგულია და პრინციპით - "მეტი მეტისთვის" ვცდილობთ დავეხმაროთ, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მეგობრების მისწრაფებაში, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან", - აღნიშნა შტეფან ფულემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის დიალოგის არაფორმალური შეხვედრის პირველი სესია ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა.