დეპუტატ თინა ხიდაშელის შეფასებით, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართვას ითხოვენ , ამ მხრივ ამტვრევენ კარს, რომელიც მათთვის ისედაც ღიაა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში მათთან რამდენჯერმე შედგა შეხვედრა, რათა არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთოს როგორც დაგეგმილ საარჩევნო პროცესში, ასევე საკონსტიტუციო რეფორმების პროცესში.
"დამთავრდა ის დრო როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია წყვეტდა თუ ვის ჰქონდა ლაპარაკის უფლება და ვის არა. აქ არაერთი შეხვედრა გამართულა, რათა მოხდეს პროცესებში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართვა და ჩემთვის უცნაური და გაუგებარია, თუ რატომ ამტვრევენ ისინი კარს, რომელიც მათთვის ისედაც ღიაა", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.