სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში პატიმარ გია ალავიძეს დღეს შეხვდება. შეხვედრის თხოვნით, ალავიძემ ომბუდსმენს "ინტერპრესნიუსის" მეშვეობით მიმართა.
"ინტერპრესნიუსისთვის" მომზადებულ წერილში ალავიძე აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს და სამართლიანი სასამართლოს უფლებას იტოვებს, რაშიც მას არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება სჭირდება.
პატიმარი აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით, - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებისთვის გადაღებული ფარული ვიდეოების გავრცელებისთვის არის დაკავებული.
კერძოდ, წერილის მიხედვით, იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ციხეში თვითნებური ქმედებების შესახებ ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია "მაესტროს" მიაწოდა.
"კადრებში ჩანს, თუ როგორ ტოვებენ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები ავჭალის ციხეს", - აცხადებს გია ალავიძე.
წერილის მიხედვით, სწორედ ამას უკავშირდება ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი ოფისის ეზოში აფეთქების ფაქტი, რაზეც ინფორმაციას ფლობს.
"განცხადებებით არაერთხელ მივმართე სახალხო დამცველს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს, სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს, მის მრჩეველს ლალი მოროშკინას, საია-ს თავმჯდომარეს, კახა კოჟორიძეს, "კ ონსტიტუციის 42-ე მუხლს", "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს, "ჰუმან რაითს ვოჩს". არ ვაპირებ ვისარგებლო ამნისტიით, რომელიც მათავისუფლებს პატიმრობიდან. დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში მათი თანხმობა არ მჭირდება. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, რომლებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაავალა. მოვითხოვ, მითითებულმა ორგანიზაციებმა მიიღონ სათანადო სამართლებრივი რეაგირებები. ასევე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიადევნოს ყურადღება 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიებას და იმავე დღეს გასაჯაროებულ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სასჯელის მოხდის პერიოდში", - აღნიშნულია წერილში.