ყველა უნდა შეეცადოს, ხუშტურები გვერდით გადადოს და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს, - აღნიშნული განცხადება ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას , პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, გუშინდელი შეხვედრა არ იყო რაიმე განსაზღვრული ფორმატი, რომელშიც დიალოგი წარიმართება, დიალოგის ფორმატი ზოგადად დამოკიდებულია განსახილველ საკითხთა ნუსხაზე.
"ნუ გვექნება ილუზია იმისა, რომ ყველაფერზე შევთანხმდებით. არის საკითხები, რაზეც ორივე მხარეს აქვს საკუთარი პრინციპული პოზიცია, თუმცა სხვა საქმეა, რომ ეს პრინციპული პოზიცია უნდა ემყარებოდეს ობიექტურ საფუძვლებს და არა - ჟინიანობას და რაღაც ხუშტურების ასრულებას. ყველა უნდა შეეცადოს, რომ ხუშტურები გვერდით გადადოს და ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ სადღეისოდ ის ცალსახად ვერ იტყვის, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი.