მიუხედავად ქალაქ თბილისის მერის მიერ გამოცხადებული მზადყოფნისა, პასუხი გაეცა გამოძიებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, გამომძიებლებმა ამ საშუალებით არ ისარგებლეს და თბილისის მერი არ დაკითხეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია, რომ ქალაქ თბილისის მერის დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების მიზნით განხორციელდა.
"ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ არანაირი აუცილებლობა, ქალაქ თბილისის მერის დაკითხვის, არ არსებობს, ვინაიდან არსებობს უამრავი ვიდეო და კადრი, სადაც თვალნათლივ ჩანს პრეზიდენტის მოსასმენად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოჩენილი აგრესია და ამის საპასუხოდ პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობა. თუკი გამოძიებაც ამ შემთხვევაშიც არ იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ჩვენ კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გამოძიებისთვის საჭირო და საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე მომავალში წინასწარ შეთანხმებულ დროს გავცეთ პასუხი ქალაქ თბილისის მერიაში", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უგულავა თანხმობას გამოთქვამს და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას პასუხი ქალაქ თბილისის მერიაში გასცეს, თუკი ამის სურვილი გამოძიებას რეალურად ექნება. "ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ამის რეალური სურვილი გამოძიების მხრიდან არ არსებობს და ეს ალბათ მხოლოდ დაშინების და პოლიტიკური ზეწოლის მიზნით განხორციელდა", - დასძინა აბესაძემ.
თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებული იყვნენ გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. კობა ხაბაზი დაკითხვაზე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, გიგი უგულავა კი სამართალდამცველებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში ელოდებოდა. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოძიების შეკითხვებს პარტიის ცენტრალურ ოფისში უპასუხონ.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერის დასაკითხად მერიაში არ მივლენ. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები უმცირესობის წევრთა დასაკითხად არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისშიც მისვლას აპირებენ. "მისვლას არ ვაპირებთ, მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ, დაემორჩილონ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - აღნიშნა გიორგობიანმა.