"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის დამფუძნებელთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვას ავრცელებს.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა თამაზ თურმანიძის კანდიდატურას გამოუცხადეს, თუმცა მურმან დუმბაძის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ნეპოტიზმის მორიგი მცდელობის ფაქტი ფიქსირდება. მიმართვაში, რომელსაც პარტიის დამფუძნებელთა ნაწილი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ პოლიტსაბჭოს კანდიდატის ჩანაცვლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნათესავის, ლაშა სირაბიძის კანდიდატურით უნდა მოხდეს, რადგან ის იოლად მართვადი პიროვნებაა. როგორც პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაშია ნათქვამი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი პოლიტსაბჭოს კანდიდატურაზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ.
"თამაზ თურმანიძე ხასიათდება პოლიტსაბჭოს და თანამოქალაქეების მიერ ყოველმხრივ დადებით პიროვნებად. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიწრო ჯგუფის მხრიდან განეხორციელებინათ მასზე ზეწოლა (სახელდობრ, მურმან დუმბაძის თაოსნობით ავთანდილ ბერიძის, მედეა ვასაძისა და ალეკო ჩიტიშვილის მიერ) თამაზ თურმანიძემ შეინ არჩუნა პრინციპული პოზიცია. ჩვენთვის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმელი დამფუძნებლებისთვის და თქვენი მრავალათასიანი ბათუმელი მხარდამჭერისთვის, კატეგორიულად მიუღებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ამ ნაწილისგან აღმაშფოთებელი ნეპოტიზმის მორიგი მცდელობა, რათა მოხერხდეს პოლიტსაბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ჩანაცვლება მათთვის სასურველი და იოლად მართვადი პიროვნებით. კერძოდ, ლაშა სირაბიძის პერსონით, რითაც თავის მხრივ აყენებენ უხერხულ სიტუაციაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ვინაიდან, ლაშა სირაბიძე გახლავთ მისი მეუღლის მკვიდრი ბიძაშვილი", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის ხელმომწერები ასევე საუბრობენ აჭარაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრთან აუდიენციის შემთხვევაში, მას აუხსნიან, თუ როგორ მოახერხა ავანტიურისტთა ჯგუფმა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ფართოდ წარდგომა და იმას, რომ ეს ჯგუფი ემზადება კოალიციის მიღმა "სახიფათო" არჩევნებისთვის:
"ოქტომბრის არჩევნები "ანტიმიშისტური" ხმის მიცემა და თავად თქვენი პიროვნების უპირობო გამარჯვება იყო. როგორც ეს ხდება ხოლმე, დაწყებით ეტაპზე ქაოტური სიტუაციით ისარგებლა ავანტიურისტთა ჯგუფმა, რომელიც არამც და არამც არ სარგებლობს მხარდაჭერით ბათუმისა და აჭარის მოსახლეობის ფართო ფენებში. თუ როგორ, რა წესით და რა მეთოდებით ჩაიგდო ამ ჯგუფმა ძალაუფლება, რომელიც თქვენს ავტორიტეტს ამოფარებული უხვად წარდგა საკანონმდებლო ორგანოში, ამის შესახებ მოგახსენებთ პირადი აუდიენციის შემთხვევაში. საკვანძო თანამდებობებზე ნათესაობების დანიშვნით ეს ჯგუფი მასობრივი მხარდაჭერის ილუზიის შექმნას ცდილობს და ემზადება მათთვის მომავალი "სახიფათო" არჩევნებისთვის კოალიციის მიღმა", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის ხელმომწერები ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის, თამაზ თურმანიძის პარტიულ კონფერენციაზე თავმჯდომარედ დასახელებაში მხარდაჭერას სთხოვენ.