ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და კომისარი შეშფოთებულები არიან "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ძალაუფლების განაწილების საკითხზე შეთანხმებასთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესების ნიშნების გამო.
"კერძოდ, საკონსტიტუციო საკითხებზე შეუთანხმებლობასა და სულ ახლახანს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებით გამოსვლის საკითხის ღია კონფრონტაციად ქცევის გამო, როდესაც კანონმდებლებს "ნაციონალური მოძრაობიდან" თავს დაესხნენ პრეზიდენტის გამოსვლის ადგილზე შეკრებილი დემონსტრანტები. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატიის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მხარესა და ინსტიტუტს ეპყრობოდნენ თანაბარი პატივისცემით, როგორც ეს შეეფერება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე მოუწოდებენ საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პროცესების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებისგან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების გამო და მოუწოდებენ ყველა პარტიას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ძალადობისაგან.