თბილისის საქალაქო სასამართლომ მელორ ვაჩნაძესა და მიხეილ მესხს ადმინისტრაციული სასჯელის სახით 100-100 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მირანდა ერემაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისივე განმარტებით ჯარიმის გადახდის ვადად განისაზღვრა 7 დღე.
მელორ ვაჩნაძისა და მიხეილ მესხის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე იყო შედგენილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პროცესის განმავლობაში დაიკითხა რვა მოწმე, რომელთა მოსმენის შუამდგომლობაც დაცვის მხარემ დააყენა. ყველა მოწმემ ვაჩნაძისა და მესხის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კატეგორიულად უარყო, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, შეურაცხმყოფელ ხმამაღალ შეძახილებსა და გინებაში გამოიხატებოდა. მოწმეებმა ეს უარყვეს და აღნიშნეს, რომ ვაჩნაძე და მესხი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდნენ.
ამასთან, სასამართლოზე ბრალდების მხარემ, ორმა პოლიციელმა განაცხადა, რომ ვაჩნაძემ და მესხმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და აღნიშნულის გამო მოითხოვეს დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის სახით 15-დღიანი პატიმრობის შეფარდება. თავის მხრივ, დაცვის მხარე, ადვოკატი ნათია კორკოტაძე ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და მოსამართლეს განუცხადა, რომ პროცესზე სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ვაჩნაძის და მესხის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და გინების დამადასტურებელი ვიდეომასალის, ან სხვა სახის მტკიცებულებების წარმოდგენა. ამასთან, მელორ ვაჩნაძემ და მიხეილ მესხმა სასამართლო უკვე დატოვეს.