საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები იყო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მთელი პასუხისმგებლობა გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ეს იყო მისი პირადი ანგარიშსწორება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს დარბევა დაგეგმა ივანიშვილმა და შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თუ არ უნდოდა პრემიერს გუშინდელი მოვლენები მომხდარიყო, მაშინ უნდა მიეცა პრეზიდენტისთვის უფლება, გამოეყენებინა კონსტიტუციური უფლება და პარლამენტში გამოსულიყო. შს მინისტრი არის მატყუარა. პირადად რომ რაიმე დერეფანი დამენახა, აუცილებლად გამოვიყენებდი, რადგან არ მინდოდა მომხვედროდა კვერცხი და არ მინდოდა ვინმეს სახეზე დამენახა სისხლი", - განაცხადა ნადირაშვილმა.