შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გურამ დონაძის განცხადებით, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ბევრი ამჟამინდელი მაღალჩინოსნის დანაშაულის კვალიც გამოიკვეთება.
ამის შესახებ დონაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე განუცხადა.
"მე მივატოვე ჩემი პირადი საქმეები და სასწრაფო წესით წამოვედი საქართველოში. არ ვაპირებ დავემალო გამოძიებას, ვაპირებ ყველა კითხვას გავცე პასუხი, ვაპირებ თანამშრომლობას, არსად გავქცეულვარ და ეს ბოლო პერიოდში არაერთხელ ვთქვი. ბრალის დეტალები ჯერ ბოლომდე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი და ვდებ პირობას, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ და ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, რაშიც დარწმუნებული ვარ. ვდებ პირობას, რომ საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმესთან დაკავშირებით გაიგებს სიმართლეს", - განაცხადა დონაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს.
აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
დონაძე გვიან ღამით, სარფის საბაჟოზე დააკავეს.
19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.