ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ მიხედა, ჩვენ არ უნდა გვასწავლოს, თუ როგორ მივხედოთ ქვეყანას - ეს განცხადება თეა წულუკიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ ვანო მერაბიშვილის მისამართით გააკეთა.
„მე ვანო მერაბიშვილის ადგილას ნაკლებს ვიყელყელავებდი, ნაკლებს ვილაპარაკებდი იმაზე, თუ როგორ უნდა იაროს ქვეყანამ წინ. ეს არის ადამიანი, რომელმაც კრიმინალური პოლიციის არაერთი თანამშრომელი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორშიც ბუტა რობაქიძეს საქმეზე აღმოჩნდა თუნდაც, ბატონი მიქაძე“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე თავის ოჯახის წევრს და მეგობრებს ხელი დააფარა და 2006 წლის 29 იანვარს, როცა გირგვლიანის გვამი ახალი აღმოჩენილი იყო, გამოძიება დათა ახალაიას ჩააბარა.
„ ჩვენ მერაბიშვილის დაკითხვამდე დრო კიდევ გვაქვს, რადგან მელნიკოვის ექსტრადაციის თემის დახურვას ველოდებით. ამის შემდეგ იგი ბევრ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.