იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ჩათვლით, წარსულშია ჩარჩენილი.
ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის სახეზე ვიხილავ სისხლს, დეპუტატის თუ 26 მაისს დასისხლიანებული საქართველოს მოქალაქის. ორი წლის, წინ 26 მაისს, ჩვენ ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მაშინვე მივიდა, ვიხილეთ მაშინდელი მინისტრი, რომელიც მივიდა სპეც-რაზმელებით საკუთარი ხალხის დასასჯელად. გუშინ დილიდან შედგა კონტაქტი შინაგან საქმეთა მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის და ამას არავინ უარყოფს, რომლის განმავლობაშიც იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ყოფილიყო ყველაზე კარგად დაცული იქ მისული ადამიანების უსაფრთხოება. როდესაც 15:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა დასკვნა, რომ ის ორი კორიდორი, რომელიც გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩებზე იყო გაკეთებული, ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა, შს მინისტრმა ურჩია ბოკერიას, რომ იმ ორი კორიდორიდან აერჩია ერთ-ერთი, რომელიც მათთვის იქნებოდა უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, ჩვენ ვიხილეთ კადრები, სადაც ბატონი თბილისის მერი, შეშინებული იმით, რომ მასთან ბევრი შეკითხვა არსებობს, მიიჭრა იქ და გამომწვევი ჟესტებით მიმართა გაღიზიანებულ ხალხს. რაც შეეხება ხალხს, ჩვენ იქ ვიხილეთ ქალის სახეზე სიხსლი, ეს არის დაუშვებელი და ამიტომაც დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამ მოვლენის გარშემო, რომელთა ზედამხედველობასაც პროკურატურა მოახდენს. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენი ხელისუფლების განსხვავებულ სახეს. გამოძიება დაადგენს, ვინ როგორ მოიქცა და ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით თავს შევიკავებ იმის დასახელებისგან, იქ იყო მხედრიონი თუ ა.შ. ეს ადამიანები, პრეზიდენტის ჩათვლით, წარსულში არიან ჩარჩენილი. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ მაინც უნდა დასერიოზულდეს. ოპოზიციის როლი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით არის დატვირთული", - განაცხადა წულუკიანმა.