იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოსვლისას ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი იყო.
ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართა ხალხს. მოხარული ვარ, რომ მას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, წარმოეთქვა ის სიტყვა, რომელსაც თურმე "ნაციონალური მოძრაობა" სამი-ოთხი დღე კოლექტიურად წერდა. თუკი ეს ამხელა ძალისხმევას საჭიროებდა, მაშინ ალბათ, უფრო დატვირთული ანგარიში უნდა ყოფილიყო. ამ გამოსვლას მე მთლიანობაში ვაფასებ, როგორც, საშუალო დონის გამოსვლად და არამც და არამც იმ რანგის გამოსვლად, რაც 2004 წლის შემდეგ მმართველობაში მყოფ სახელმწიფო მოხელეს ეკადრება. მე მომეჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა იანვარში გაუვიდა, კვლავ და კვლავ ხალხს ვერ გაუგო. ამავე დროს, ის ბრაზი, რაც როგორც ძალიან ბევრ მოქალაქეს, მეც მქონდა დაგროვილი მისი მმართველობის წინააღმდეგ, მისი მოსმენის შემდეგ მთლიანად გამიქრა. ეს იყო, ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი, რომლის გამონათქვამების კრიტიკას და შეფასებას ამიერიდან ფასი არ აქვს", - განაცხადა წულუკიანმა.