ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი: "უბრალოდ არ მინდა, ქვეყანას დაბნეული შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდეს"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, მან ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ნახა დაბნეული და გაფითრებული შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია. 

ამის შესახებ მერაბიშვილმა "რუსთავის 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე იყო, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში საჯაროდ პარტიის წევრების სასტიკი თავდასხმები მოხდა. მე სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ვნახე დაბნეული პოლიცია და გაფითრებული და დაბნეული შინაგან საქმეთა მინისტრი. ძალიან სინანულით ამევსო გული იმიტომ, რომ ქართულმა პოლიციამ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეები იმ ყაჩაღებისაგან, ვინც ხელისუფლებამ მოედანზე მოიყვანა. ახლა მივხვდით ყველა თუ რატომ გამოიყვანა ხელისუფლებამ ეს ადამიანები ციხეებიდან, მათ უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. ბოლოს მსგავსი ფაქტი მაშინ მოხდა, როცა ჯაბა იოსელიანმა ციხიდან გამოიყვანა ყოფილი მხედრიონელები და ისინი მიუქსია მაშინდელ პოლიტიკურ ოპონენტებს. სხვათა შორის, იგივე ადამიანები არიან ახლაც. მე მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო პოლიციას, მათ არ ჰქონდათ აშკარა ბრძანება, დაბნეულები იყვნენ, აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლების ორი შტო იყო, ერთი რომელიც თავდასხმებს ახორციელებდა, ხოლო მეორე, რომელიც მოჩვენებით ამ თავდასხმებს იგერიებდა. მე უბრალოდ არ მინდა, ქვეყანას დაბნეული შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდეს", - განაცხადა მერაბიშვილმა.