ამირან(ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს შეუფარდებს. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული .
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ზურაბ მიქაძეს, გურამ დონაძეს, დავითიაშვილს, ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავას, ლევან გვაზავას და ზაზა ბაქრაძეს გუშინ წაუყენეს. პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა.
"დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო სასამართლომ საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა.
"საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში მათ ბრალი მოუხსნა. აღნიშნულის პარალელურად, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე.
საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თვალთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის განმავლობაში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს.
2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა და დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. "გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავითიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი ალექსანდრე გვაზავა, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა ბაქრაძე. აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, აღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა.
სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამისშემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციისსაშუალებებით.
ზემოხსენებულ პირები ბრალდებულნი არიან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 26 აპრილამდე მდგომარეობით)", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.