გიგი უგულავამ ამ ქმედებასა და დანაშაულაზე აუცილებლად პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა .
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი გააფრთხილეს კორიდორების შესახებ, რომლებიც დაცული იყო და რომელთა საშუალებითაც შენობაში დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები შევიდნენ და მათ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ. თუმცა, დეპუტატის შეფასებით, მათ ჩვეულებრივი პროვოკაცია მოაწყვეს.
"უგულავას საქციელი, რომ "აბა დავაი, დავდგით სპექტაკლი", ხელების ქნევით გახარებული რომ მორბოდა მოწოდებებით, ეს არის ის ქმედება და დანაშაული, რომელზეც ამ ადამიანმა აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგები, მათ შორის დარჩიაშვილი და სხვები იძულებულები გახდნენ ხელი და ფეხი ექნიათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემ ზოგიერთ კოლეგას ყურის ძირში მოხვდა", - აღნიშნა მან.
ამასთან, საგანელიძე კატეგორიულად ითხოვს დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დეპუტატებს ურტყამდნენ და ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ამის პროვოცირება მოახდინეს. "და ამის პროვოკატორები დღეს კარგად ჩანდა, ვინ იყვნენ", - დასძინა მან.