რიჩარდ ნორლანდი – წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია

რიჩარდ ნორლანდი – წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია

ჩვენ ვგმობთ ძალადობას და შესაბამის ორგანოებს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. 

მისი თქმით, დემოკრატიას აქვს გარკვეული პრინციპები და ამოსავალი დებულებები. "იმის მიხედავად, რამდენადაც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ მართალი ხარ, თავი უნდა შეიკავო ძალადობისა და ხელის შეხებისგან. ჩვენ ძალიან ახლოს ვადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას. გავიგეთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან სურს გადმონაცვლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისა და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ქმედებებისგან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლისას შედარებით წყნარი გარემო დახვდა და ზუსტად არ აქვს ინფორმაცია მომხდარის შესახებ.

"გამოსვლისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან. ეს არის სწორი განცხადება. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ, ჩატარდეს გამოძიება, ხოლო დამნაშავეები დაისაჯონ. აშკარაა, რომ წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.